ვინ ხარ? საიდან მოდიხარ? საით მიდიხარ? რატომ? რა გამოძრავებს, განთებს, გაღიმებს და გატირებს? ვინ გიყვარს ან გძულს? ვინ განუგეშებს, როცა გტკივა? რა იწვევს ტკივილს? ვის ფიქრებს ფიქრობ? რამდენად ახერხებ საკუთარი ცხოვრების წარმატებულად მართვას? მჯერა, რომ ადამიანები თანასწორები არიან (ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ალფრედ ადლერიც იმავეს ფიქრობდა). მიმაჩნია, რომ მარტო არ ვარ. მხოლოდ მე არ ვეძებ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით პასუხებს. ჩვენ თავს ვიტეხთ, ვცდილობთ ახალი აღმოჩენების გაკეთებას, შემდგომ კი მათ ერთმანეთს ვუზიარებთ. ასე იქცევა დედაშენი, შენი შეყვარებული, ჩემი კარის მეზობელი, Apple-ის ამჟამინდელი CEO და აფრიკის რომელიღაც ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრები სამი წლის ჯოისი... ზუსტად ვიცი, რომ შენც ამავეს აკეთებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთისგან რაღაც გამოგვარჩევს. მოვლენებს ყველა თავისებურად აღვიქვამთ, ცხოვრებისეული მოცემულობების გათვალისწინებით. საბოლოოდ კი, ყველგან და ყველასთვის, მთავარი კითხვა მაინც ერთია - ბედნიერი ხარ?
პიროვნული განვითარებისა და თვითგამორკვევის თემაზე შექმნილი არაერთი ნაშრომი წამიკითხავს, ქართულ ენაზე გამომიცია და წიგნებში განხილული თუ სემინარებზე მიღებული ცოდნა საკუთარ თავზეც გამომიცდია. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ერთი მეორეზე უკეთესია. წიგნი, პოდკასტი, მენტორი იმდენად ახდენს გავლენას ადამიანზე, რამდენადაც არის ეს პიროვნება მზად სიახლის მისაღებად. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - ცვლილება ძიებით, ძიება მზაობით, მზაობა კი შიშში გავლით, ანუ გამბედაობით იწყება.
ოთხმოცდაათიანი წლებიდან დღემდე ქართულმა საგამომცემლო სექტორმა განვითარების რთული და საინტერესო გზა გაიარა. ჩემი კოლეგების, უფროსი მეგობრებისა და ლიტერატურისა და კულტურის სფეროში მომუშავე ათობით საქმისადმი თავდადებული ადამიანის დამსახურებაა, რომ მსოფლიო საგამომცემლო რუკაზე საქართველოს, როგორც უნიჭიერესი თანამედროვე ავტორების, გენიოსი პოეტებისა და საუცხოო დამწერლობის სამშობლოს, ისე იცნობენ; მებრძოლი, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი ქართული ხასიათის შესახებ იციან. იმავე ადამიანების დამსახურებით, ქართველ მკითხველს ნებისმიერი ჟანრისა და მიმართულების მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა აქვს.
ფსიქოლოგიის სფეროს სამი გიგანტიდან ერთ-ერთის, ალფრედ ადლერის მიხედვით (დანარჩენ ორს ზიგმუნდ ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი წარმოადგენენ), ჭეშმარიტი ღირებულების შეცნობის პროცესი იწყება მაშინ, როცა ჩვენი სუბიექტური შეხედულებით, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებას ვემსახურებით და მრავალი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში მცირე წვლილი მაინც შეგვაქვს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად ბიზნესისა და თვითგანვითარების თემაზე შექმნილი 85-ზე მეტი მსოფლიო ბესტსელერის პირველი ქართულენოვანი გამოცემა მოვამზადე. ბევრი მათგანი საქართველოშიც ბესტსელერად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობასთან, მნიშვნელობისა და კონტრიბუციის იმდენად მძაფრი შეგრძნება, რამდენადაც დღეს მაქვს, არასოდეს მქონია.
მიზეზი მარტივია. შენ ახლა ხელში ჩემი მამოძრავებელი ძალის, ფიქრისა და იდეის ხორცშესხმა - MOVA-ს პირველი გამოცემა გიჭირავს. ჩვენი მიზანია, რომ MOVA შენთვის არა მხოლოდ საყვარელ გამომცემლობად, არამედ კულტურის განმსაზღვრელ ბრენდად, ცხოვრების სასურველი გზის მანიშნებლად, ჯანსაღი ამბიციის, ცნობისმოყვარეობის, საკუთარი თავის აღმოჩენისა და ადამიანების გაგების კატალიზატორად იქცეს.
მასობრივი გაციფრულების, სანახევროდ ეკრანებთან გატარებული ცხოვრების, ადამიანური მარტოობის, ყურადღების დეფიციტისა და ინფორმაციული გადაღლის ფონზე, ჩნდება განცდა, რომ ბეჭდურმა წიგნმა მკითხველი დაკარგა და ფიზიკურ ეგზემპლარზე ორიენტირებული საგამომცემლო ბიზნესის მომავალი ბუნდოვანია. მე კი აბსოლუტურად პირიქით მგონია - ხელოვნური ინტელექტისა და dating აპლიკაციების სამყაროში, წიგნი იქცა აწმყოში ყოფნის, ემოციური ღიაობის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებისა და პიროვნული ზრდის შეუცვლელ სიმბოლოდ. წიგნების კითხვა (ისევ) სექსუალურია.
MOVA30-ის - ბიზნესის, თვითგანვითარების, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შესახებ შექმნილი 30 გარდამტეხი წიგნის კოლექციაში პირველი, იაპონელი მოაზროვნეების, იჩირო კიშიმისა და ფუმიტაკე კოგას წიგნია - „გაბედე, იყო მიუღებელი“. ნარატიულ ფორმად, ახალგაზრდასა და ფილოსოფოსს შორის, ხუთი ღამის განმავლობაში მიმდინარე დიალოგია შერჩეული. თავისუფლება, გამბედაობა, ბედნიერება, ადამიანებთან ურთიერთობა, ტრავმასთან დამოკიდებულება და მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, მნიშვნელობის შეგრძნება, მიკუთვნებულობა - ახალგაზრდა და ფილოსოფოსი მარტივი, უბრალო ენითა და ალფრედ ადლერის ფსიქოლოგიურ სწავლებებზე დაყრდნობით, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეხებიან. თხრობის დასაწყისში შფოთვით, ეჭვებითა და ტანჯვით სავსე ახალგაზრდა პირველად სტუმრობს ფილოსოფოსს, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყაროცა და ცხოვრებაც საკმაოდ მარტივი რამაა. კამათის, მსჯელობის, წინააღმდეგობისა და გაცნობიერების შემდეგ კი, წიგნის დასასრულს, ფილოსოფისის სახლს უკვე თავდაჯერებული და ღიმილიანი ახალგაზრდა ტოვებს, ბედნიერების შეგრძნებით.
წიგნში აღწერილი ახალგაზრდა, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს. მეტსაც გეტყვით, სასურველია, რომ ეს როლი ცხოვრების რაიმე მომენტში აუცილებლად მოვირგოთ. პიროვნული ზრდა კომფორტისა და კმაყოფილების მდგომარეობიდან იშვიათად იწყება. გზაც, არასოდესაა მარტივი. არ დაგპირდები, რომ MOVA-ს ეს ან ნებისმიერი სხვა გამოცემა შენს ცხოვრებას ერთ ღამეში შეცვლის, ან უსასრულო მოტივაციის წყაროდ იქცევა. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ეს წიგნი დაგეხმარება დაინახო საწყისი წერტილი, შენი გასავლელი გზის დასაწყისი ან შემდეგი გაჩერება. პროგრესისაკენ სწრაფვა აუცილებლად მიგიყვანს იმ მომენტამდე, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას შეძლებ და ბედნიერებასაც ეზიარები.
ისე იცხოვრე, თითქოს ცეკვავდე.
იკითხე და იცხოვრე.
ჯერ ჩემსავით საკუთარ თავზე გამოსცადე და მერე სხვებსაც გაუზიარე, რომ ცხოვრება ცეკვაა და წიგნების კითხვა (ისევ) სექსუალურია.
თამთა ჯაფარაშვილი
დამფუძნებელი & გამომცემელი, MOVA