რაიან ჰოლიდეი

რაიან ჰოლიდეი

რაიან ჰოლიდეი ამერიკელი ავტორია, რომელიც ანტიკური სტოიკოსების სიბრძნეს თანამედროვე მკითხველის ყოველდღიურობას უკავშირებს. მის წიგნებში - The Obstacle Is the Way, Ego Is the Enemy და Stillness Is the Key - ერთი პრაქტიკული კითხვა იკვეთება: როგორ შევხვდეთ დაბრკოლებებს, ვმართოთ ამბიცია და შევინარჩუნოთ აზრის სიცხადე რთულ ვითარებაშიც კი?  ჰოლიდეის წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა გამოცემული, 10 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით. 

ჰოლიდეიმ კარიერა რობერტ გრინის, „ძალაუფლების 48 კანონის“ ავტორის, შეგირდად დაიწყო. მოგვიანებით American Apparel-ის მარკეტინგის დირექტორი გახდა და შემოქმედებითი სააგენტო Brass Check დააფუძნა. ტეხასის ქალაქ ბასტროპში ის დამოუკიდებელ წიგნის მაღაზიას, The Painted Porch-ს, უძღვება. 

„სტოიკოსის დღიური“, რომელიც ჰოლიდეიმ სტივენ ჰანსელმანთან ერთად დაწერა და ქართულად „მოვამ“ გამოსცა, მარკუს ავრელიუსის, სენეკას, ეპიქტეტესა და სხვა სტოიკოსების ნააზრევს მკითხველს 366 ყოველდღიური ჩანაწერით აცნობს. თითოეულ ჩანაწერში სტოიკოსის მოკლე ციტატას მოსდევს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სიბრძნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.