სტივენ პრესფილდი

სტივენ პრესფილდი

სტივენ პრესფილდი წლების განმავლობაში თითქმის ყველაფრით იყო დაკავებული, გარდა იმისა, რაც ნამდვილად სურდა. იყო საზღვაო ქვეითი, სარეკლამო ტექსტების ავტორი, სკოლის მასწავლებელი, სატვირთო მანქანის მძღოლი, ბარმენი, ნავთობის საბადოს დამხმარე მუშა და ხილის მკრეფავიც კი. წიგნში „ხელო(ვნების) ბრძოლა“ იგი უსახლკარობის პერიოდსაც იხსენებს - წლებს, როცა ჯიუტად ცდილობდა მწერალი გამხდარიყო. პირველი რომანი, „ლეგენდა ბაგერ ვანსზე“ (The Legend of Bagger Vance), 1995 წელს გამოიცა, როცა ავტორი უკვე ორმოცდაათ წელს იყო გადაცილებული. 1998 წელს პირველ რომანს მეორეც მოჰყვა - „ცეცხლის კარიბჭე“ (Gates of Fire) - თერმოპილეს ბრძოლაში მონაწილე სპარტელებზე.

ყველაფერს, რაც წლების გამოცდილებამ და საკუთარი მოწოდების ხორცშესხმისთვის ბრძოლამ ასწავლა, მან „ხელო(ვნების) ბრძოლაში“ მოუყარა თავი. ეს წიგნი დღემდე შემოქმედებითი შრომისა და თვითგანვითარების თემაზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომად ითვლება. 

პრესფილდი კალიფორნიაში ცხოვრობს. ვესტ-პოინტსა და აშშ-ის საზღვაო აკადემიაში „ცეცხლის კარიბჭე“ ისწავლება, ხოლო „ხელო(ვნების) ბრძოლას“ ამავე თემაზე შექმნილი სხვა წიგნებიც მოჰყვა, მათ შორის Do the Work და Turning Pro. გამომცემლობა MOVA სტივენ პრესფილდის შემოქმედებას ქართველ მკითხველს პირველად წარუდგენს — თავად ავტორის მიერ სპეციალურად ქართული გამოცემისთვის დაწერილი წინასიტყვაობით.